ქართულ ენაზე თარგმნეს: ლია დავითაძემ და რუსლან ბარამიძემ
რედაქტორები: თამთა ხალვაში, ანთროპოლოგიის დოქტორი;
ლია დავითაძე, ლინგვისტიკის მაგისტრი
მთავარი რედაქტორი: რუსლან ბარამიძე, ისტორიის დოქტორი
ქართულენოვანი გამოცემის საავტორო უფლება: © ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქართულენოვანი ვერსია გამოიცა 2018 წელს.
ქართული გამოცემის წინასიტყვაობა
ანთროპოლოგია არის მეცნიერება, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანი, უფრო სწორად ადამიანთა განსხვავებული ხმებია, ყოფიერების უნიკალურ აღქმას, განცდასა და ინტერპრეტაციას რომ ეფუძნება. რაც ანთროპოლოგიას სოციალური (ზოგან კი ჰუმანიტარული) მეცნიერებების განსაკუთრებულ დარგად აქცევს, მრავალფეროვანი კულტურული და სოციალური გამოცდილებების დანახვის, აღწერისა და გაგების მეცნიერული ცნობისმოყვარეობა და ჟინია. ამიტომ ანთროპოლოგიური თეორია და პრაქტიკა მუდმივად ცვალებადი და ხანდახან წინააღმდეგობრივიცაა, რადგან ის ადამიანთა დინამიური და ხშირად, პარადოქსული ცხოვრების კვალდაკვალ ვითარდება.
‘მცირე ადგილები, ვრცელი საკითხები’ არის შესავალი სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში, სადაც ანთროპოლოგიის ეს თვისება – დაინახოს, აღწეროს და გაიგოს სოციალური ცხოვრებისა და კულტურის განსხვავებული, მაგრამ ასევე უნივერსალური ვარიაციები, თუნდაც ყველაზე მცირე და მიუწვდომელ ადგილებში – ნათლად არის წარმოჩენილი. წიგნის ავტორი, ცნობილი ნორვეგიელი ანთროპოლოგი და ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, თომას ჰილანდ ერიქსენია. ის აღწერს, თუ როგორ განვითარდა ანთროპოლოგია, როგორც სამეცნიერო დისციპლინა, დასავლურ აკადემიურ სივრცეში და როგორ გადაიქცა ეს დარგი კოლონიალიზმის, ეთნოცენტრიზმის, ევროცენტრიზმისა თუ ნაციონალიზმის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკოსად. ასეთი მიდგომით, წიგნი საშუალებას გვაძლევს კრიტიკულად გავიაზროთ ნათესაური სისტემების, ეთნოსის, ერის, ეკონომიკის, თუ მიგრაციის ფუნქციონირება გლობალურ ცენტრებსა თუ პერიფერიებში, დავაკვირდეთ ამ ფენომენების განსხვავებულ კულტურულ ფორმებს და აღმოვაჩინოთ მსგავსება მათ ცენტრალურ თუ გვერდით ეფექტებს შორის. ერიქსენი შენიშნავს, რომ აღნიშნული თემების შესწავლას ანთროპოლოგია საკუთარი უნიკალური სამეცნიერო მეთოდით, ჩართული დაკვირვებით ახერხებს. ჩართული დაკვირვება ის გამადიდებელი შუშაა, რომლის საშუალებითაც ადამიანის ყოველდღიური გამოცდილება დისციპლინის ცენტრშია მოქცეული, რაც დარგის კრიტიკულ პოტენციალს აფართოებს.
სოციალური და ჰუმანტარული მეცნიერებების ისტორია ხშირად გადაჯაჭვულია ძალაუფლების, იმპერიისა თუ სახელმწიფოების ისტორიებთან და დისკურსებთან. ამ თვალსაზრისით, არც ანთროპოლოგიაა გამონაკლისი (Asad, 1973). მისი სათავეები მჭიდროდაა დაკავშირებული ორიენტალიზმის, კოლონიალიზმისა თუ საბჭოთა იმპერიულ გამოცდილებებთან. როგორც ფრანსის ჰირჩი თავის წიგნში, „ერების იმპერია: ეთნოგრაფიული ცოდნა და საბჭოთა იმპერიის კეთება“ (Hirsch, 2005) წერს, ეთნოგრაფიული ცოდნა ხშირად გამოიყენებოდა იდეოლოგიური წესრიგის დასამყარებლად. მიუხედავად ამისა, ანთროპოლოგიამ მაინც შეძლო ძალაუფლების შესწავლისა და გაანალიზების ისეთი თეორიული თუ პრაქტიკული მექანიზმების შექმნა, რაც მუდმივად თვითრეფლექსურ, ანუ საკუთარი თავის კრიტიკულად გააზრების მდგომარეობაში აყენებს დისციპლინაში ჩართულ მეცნიერებს. ერიქსენიც არ ღალატობს ამ ტრადიციას, რასაც წინამდებარე წიგნში თავმოყრილი თეორიული თუ მეთოდოლოგიური დებატები ცხადყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სახელმძღვანელო საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს ქართული სამეცნიერო წრისათვის, ამ წიგნის უმთავრესი დანიშნულება მაინც სასწავლო-საგანმანათლებლო ხასიათისაა. ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ნაკლებად მოიპოვება საერთაშორისო ანთროპოლოგიური ლიტერატურის ქართულენოვანი თარგმანები, რაც აფერხებს ცოდნის ფართოდ გავრცელების შესაძლებლობებს და შესაბამისად, დარგის განვითარების პერსპექტივებსაც. რადგანაც, ანთროპოლოგია, როგორც მეცნიერული დისციპლინა სწორედ დასავლურ ინტელექტუალურ წიაღში აღმოცენდა, მოგვიანებით კი მან თვითმყოფადი ინტელექტუალური ფორმები შეიძინა მსოფლიოს სხვა კონტინენტებზეც, დარგის სრულფასოვანი გააზრებისთვის მნიშვნელოვანია მისი ისტორიული წანამძღვრებისა თუ მიმდინარე თეორიული დებატების ცოდნა. ‘მცირე ადგილები, ვრცელი საკითხები’ სწორედ ასეთი საბაზისო სახელმძღვანელოა, რომლის საშუალებითაც სტუდენტებს საკმაოდ საფუძვლიანი წარმოდგენა შეექმნებათ ანთროპოლოგიის დასავლურ ტრადიციებზე, მის კლასიკურ თუ თანამედროვე საკვლევ თემებსა თუ ტენდენციებზე და დარგის პერსპექტიულ მომავალზეც.
ანთროპოლოგია, ოცდამეერთე საუკუნეში, როგორც ერიქსენი ამბობს, უფრო მეტად ‘საჯარო’ მეცნიერებად ყალიბდება. თუ ის, მეოცე საუკუნის დასაწყისში მხოლოდ აკადემიურ სივრცეში მოქცეული დისციპლინა იყო, დღეს, ანთროპოლოგიის გავრცელებისა და გამოყენების საზღვრები უფრო ფართოა. თანამედროვე ანთროპოლოგები მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ არა მხოლოდ აკადემიურ სივრცეში, არამედ სახელმწიფო, კერძო, თუ არასამთავრობო ინსტიტუტების ბევრ დონეზე. ანთროპოლოგიის “გასაჯაროების” მთავარი მიზეზი უნიკალური ცოდნის წარმოებაა, რასაც ის ეთნოგრაფიული კვლევის შედეგად ახორციელებს. ამ ცოდნის საშუალებით უფრო პრაქტიკული და ადამიანების კულტურულ თუ სოციალურ გარემოზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაა შესაძლებელი.
იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნული წიგნის დახმარებით ბევრი ქართულენოვანი ახალგაზრდა შეძლებს ცოდნის გაფართოებას, განსხვავებული კულტურული, თუ სოციალური ფორმების გააზრებას და ამ ცოდნის ნაყოფიერად გამოყენებას. წიგნის რედაქტორს, რუსლან ბარამიძეს კი ვუსურვებ, რომ მისი არაჩვეულებრივი ინიციატივა ქართულ ენაზე გამოეცა წინამდებარე სახელმძღვანელო, საქართველოში ამ დარგისადმი უფრო მეტი ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გაღვივების საფუძველი გამხდარიყოს.
წინასიტყვაობის ავტორი: თამთა ხალვაში, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.