ნაშრომში განხილულია ნარატივის, როგორც მეთოდოლოგიური მიდგომის, გამოყენების საკითხები კვლევაში. კერძოდ, გამოყოფილი და აღწერილია ოთხი ძირითადი ასპექტი: ნარატიული კითხვების დასმა, ნარატივის მისაღებად მოწოდებული ინსტრუქციების შექმნა, ნარატივების შეგროვება და ნარატივების კოდირება. წარმოდგენილი ნაშრომი, რომელიც წამყავანი ნარატივისტი მკვლევრების გამოცდილებას ეყრდნობა, ერთგვარ პრაქტიკულ გზამკვლევს წარმოადგენს დამწყები მკვლევრებისთვის, რომლებიც ნარატიულ ფსიქოლოგიაში იწყებენ მუშაობას.

ავტორი: ლილი ხეჩუაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყარო: GESJ: Education Science and Psychology 2017 | No.1(43)

მიუხედავად იმისა, რომ ნარატივის კონსტრუქტივისტურ პარადიგმაში კვლევა- ძიებას უკვე თითქმის 30-წლიანი ისტორია აქვს და ბოლო ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით სწრაფად და წარმატებით განვითარდა მიმართულება, რომელშიც მეთოდოლოგიური მიდგომის სახით ნარატივები გამოიყენება, ასეთი კვლევები მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს თანამედროვე ქართულ ფსიქოლოგიაში. დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე გამოქვეყნებული კვლევა თუ მოიძებნება, რომელსაც, თეორიული თუ მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ნარატიული შეიძლება ეწოდოს (იხ. Mestvirishvili & Mestvirishvili, 2013; Khechuashvili, 2015; Skhirtladze, et.al., 2015; მესტვირიშვილი, 2014, მესტვირიშვილი, 2015; ხეჩუაშვილი, 2016c, 2016d; გოგიჩაიშვილი, ხეჩუაშვილი & მესტვირიშვილი, 2016; ჭუმბურიძე & ხეჩუაშვილი, 2016). არსებული კვლევები, ძირითადად, ნარატიული იდენტობის, პიროვნებისა და კულტურის ურთიერთმიმართების და ცხოვრების კულტურული სკრიპტის საკითხებზე ფოკუსირდება.

რაც შეეხება საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებულ კვლევებს, ნარატიული მიდგომის გამოყენებით წლების განმავლობაში უკვე ინტენსიურად და მრავალმხრივ ნაკვლევია ისეთი თემები, როგორიცაა ფსიქოთერაპია (Adler, 2012), ალკოჰოლიზმი (Dunlop & Tracy, 2013), გენდერი (Grysman, Merrill, & Fivush, 2016), შუახნის ასაკის ადამიანების განვითარება (Pals, 2006), პიროვნების ცვლილება (Lodi-Smith, et al., 2009), გენერაციულობა (McAdams, 2006a), ოჯახური პროცესები (McLean, 2015), ემოციების რეგულაცია (Pasupathi et al., 2015), ეთნიკური იდენტობის განვითარება (Syed & Azmita, 2010), საზრისის ძიება (McLean & Thorne, 2003), მოზრდილთა მიჯაჭვულობა (Waters, Brockmeyer, & Crowell, 2013), ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა (Adler et al., 2015), პოლიტიკური ორიენტაცია (McAdams et al., 2008) და თვითრეგულაცია (McAdams, Hanek, & Dadabo, 2013). პიროვნების ფსიქოლოგებმა განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანეს ამ მეთოდოლოგიური მიდგომის განვითარებაში ნარატიული იდენტობის ანუ მე-ს ისტორიის/ამბის საკითხებზე მუშაობის პროცესში, რომელიც თავის თავში აერთიანებს რეკონსტრუირებულ წარსულს, აღქმულ აწმყოსა და წარმოსახულ მომავალს და ინდივიდს ერთიანობისა და საზრისის განცდით უზრუნველყოფს (მაგალითისთვის, იხ. McAdams & McLean, 2013; ხეჩუაშვილი, 2016d). მართალია, ნარატივი უკვე ინტენსიურად გამოიყენება კვლევებში, მაინც ბევრი კითხვა ჩნდება მისი რაობის, კვლევაში ფუნქციისა და სარგებლიანობის შესახებ. საქმე ისაა, რომ ამ კითხვებს, ძირითადად, ინფორმაციის ნაკლებობა თუ სულაც უქონლობა ბადებს. სწორედ ამიტომ წამყვან ნარატივისტ მკვლევართა ჯგუფი1 (Adler et al., in press; პირადი კომუნიკაცია, 21-23 იანვარი, 2017) თანდათანობით მივიდა იმ აზრამდე, რომ საჭიროა ნარატიული კვლევის მეთოდოლოგიური ჩარჩოს განსაზღვრა, ნარატიული ცვლადების ტაქსონომიებისა თუ კოდირების სისტემების სტრუქტურირება- მოწესრიგება და ფორმალიზება. მათ უკვე დაიწყეს ამ საკითხებზე მუშაობა, უკვე გამოჩნდა რამდენიმე პუბლიკაცია (მაგალითისთვის იხ. McAdams & McLean, 2013, Adler et al., 2016) და უახლოეს მომავალში ახალი პუბლიკაციებიც (მაგალითისთვის იხ. Adler et al., in press) დაემატება.

ამ კონტექსტში წინამდებარე ნაშრომი სამ მიზანს ემსახურება: (1) დაინტერესებული მკითხველისთვის რაოდენობრივი ნარატიული კვლევის წარმოების ძირითადი ასპექტებისა და პრინციპების გაცნობა; (2) ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციის შესრულება დამწყები მკვლევრებისთვის და (3) ინგლისურენოვანი პუბლიკაციის ქართულენოვანი ეკვივალენტის უზრუნველყოფა, რაც მკითხველს დარგში არსებული უახლესი ცოდნის მიწოდება. აქედან გამომდინარე, ის ორ ძირითად წყაროს ეყრდნობა: (ა) ნარატივისტ მკვლევართა აღნიშნული ჯგუფის შრომებსა და მათ ერთობლივ გამოცდილებას და (ბ) სტატიის ავტორისა და მისი კოლეგების/თანაავტორების კვლევით გამოცდილებას, რომელიც მთლიანად ქართული კულტურის ფარგლებში იღებს სათავეს. სტატია ოთხ ქვეთავად არის წარმოდგენილი და თითოეული მათგანი ნარატიული მეთოდების შესახებ მსჯელობის ოთხიდან ერთ-ერთ ძირითად ასპექტს შეესატყვისება. ესენია: ნარატიული კითხვების დასმა, ნარატივის მისაღებად მოწოდებული ინსტრუქციების შექმნა, ნარატივების შეგროვება და ნარატივების კოდირება (მიმოხილვისთვის იხ. ცხრილი N1). ვინაიდან მოცემული ნაშრომი მათთვის არის განკუთვნილი, ვინც ახლა იწყებს ნარატიულ კვლევაში მუშაობას, ის არ არის ამომწურავი სახელმძღვანელო, რომელშიც რთული საკითხების დეტალურ მიმოხილვას ნახავს მკითხველი.

 

იხილეთ ტექსტის სრული ვერსია PDF ფორმატში:

გადმოწერა

Leave A Comment