სოციალური კვლევების ცენტრი აცხადებს მიღებას საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად “ფემინისტური კვლევის მეთოდები”.

სოციალური კვლევის ცენტრი წარმოადგენს გაერთიანებას, რომლის მიზანია სოციალური კვლევის არეალში გამჭოლად და მიზნობრივად შემოიტანოს სხვადასხვა მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფების საჭიროებები, სოციალური მოძრაობებისა და გარემოსდაცვითი ჯგუფების პრობლემები და სოციალური სამართლიანობის პერსპექტივები.

სოციალური კვლევის მეთოდებში და მეთოდოლოგიებში მიმდინარე ცვლილებები, რომლებიც ფემინისტურ კვლევას ეხება, მნიშვნელოვნად ცვლის კვლევის პოზიტივისტური და ინტერპრეტივისტული საფუძვლების ბუნებას. აკადემიურ სივრცეებში, ფემინისტური კვლევის სოციალური კვლევისგან გამიჯვნის ნაცვლად, თავად სოციალურ კვლევებში ხდება გენდერის, როგორც ანალიზის კატეგორიის ყოვლისმომცველი გავლენის აღიარება; ფემინისტური კვლევა არღვევს ჭეშმარიტებებისადმი, ობიექტურობისა და ნეიტრალურობისადმი ტრადიციულ ერთგულებას, აღიარებს კვლევის ინტერდისციპლინურ ბუნებას და მკვლევარს და საკვლევ ობიექტებს თანადროულად რთავს კვლევის პროცესში. ფემინისტური კვლევა შლის თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთმიმართებას, ყოველივე ეს კი ეხმარება ფემინისტურ კვლევას, არსებითად გარდაქმნას საზოგადოებაში და აკადემიაში არსებული ის სტრუქტურები, რომლებიც ჰეტერონორმატიული დომინანტური ცოდნით არის ნაწარმოები.

სკოლის მიზანია სტუდენტებს მისცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ფემინისტური ეპისტემოლოგიის, მეთოდოლოგიისა და ფემინისტური მეთოდების შესახებ. ფემინისტური მეთოდების სკოლა 8 შეხვედრას მოიცავს, რომელიც ჩატარდება 4 თვის განმავლობაში, დისტანციურად. ლექციები ჩატარდება ყოველ სამშაბათს, 19.00-21.00სთ-ზე.

ფემინისტური კვლევის მეთოდების სკოლის ფარგლებში, სოციალური კვლევის ცენტრი მონაწილეებისთვის გასცემს ორ მცირე ჰონორარს (350.00 ევროს ეკვივალენტი თითოეული მონაწილისთვის), რათა მათ შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და მიკრო ემპირიული კვლევის განხორციელება.

საგაზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის სერთიფიკატი (სერთიფიკატის მისაღებად მონაწილე უნდა დაესწროს მინიმუმ 6 შეხვედრას).

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები:

სოციალური მეცნიერების: სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, გერნდერის კვლევების, ისტორიის ან სხვა მომიჯნავე დარგის ბაკალავრის დამამთავრებელი ან მაგისტრატურის კურსის სტუდენტი;

სოციალური და ფემინისტური კვლევის მეთოდების მიმართ ინტერესი.

სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 15 აპრილამდე უნდა წარმოადგინონ: შევსებული სააპლიკაციო ფორმა.

აპლიკაცია გამოაგზავნეთ მისამართზე socialresearchge@gmail.com; სათაურის ველში მიუთითეთ ფემინისტური მეთოდები სოციალურ კვლევაში.

სააპლიკაციო ფორმა (გადმოწერა)

ფემინისტური კვლევის მეთოდების საგაზაფხულო სკოლა ხორციელდება ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.

Leave A Comment